ვიცე-პრემიერმა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელებმა დეცენტრალიზაციის სიახლეები განიხილეს
23 სექტემბერი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ხავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდა.
მხარეებმა სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების ერთწლიან პროცესზე ისაუბრეს. მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს ამ მიმიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარედგინება. ვიცე-პრემიერის თქმით, სტრატეგიით განსაზღვრული ქმედებები და ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ერთის მხრივ, მუნიციპალიტეტის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს უფლებამოსილებების გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ადგილებზე მეტი საკუთარი შემოსავლის გაჩენას და ეკონომიკური აქტივობის წახალისებას.
ევროსაბჭოს კონგრესის ხელმძღვანელების ინიციატივით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხიც განიხილეს.
ევროპული კვირეულის ფარგლებში, თბილისში ხვალ კონფერენცია „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“ გაიმართება.
ღონისძიება, რომელიც საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, ევროსაბჭოს 70-ე წლისთავს და კონგრესის 25-ე წლისთავს ეძღვნება.